Wednesday, February 29, 2012

ბავშვობა

მენანება ბავშვობა,
წლები ლხინით დამთვრალი..
მენანება ბავშვობა,
უდარდელი, გამთბარი..
მენანება ბავშვობა,
დათაფლული, დამტკბარი..
მენანება ბავშვობა,
უბოროტო, ალალი..
მენატრება ბავშვობა,
ოხუნჯობით, თამაშით..
მენატრება ბავშვობა,
ოცნებებით, ზღაპარით..
მენატრება ბავშვობა,
ლუკმით დედის ნაჭამით..
მენატრება ბავშვობა,
წმინდა ცნობიერებით..
მენატრება ბავშვობა,
სულით, ლმობიერებით..
მენატრება ბავშვობა,
სიახლეზე დაწაფვით..
მენატრება ბავშვობა,
ურჩობით და გაწაფვით..
მენატრება ბავშვობა,
ბაღის სუპის სურნელით..
მენატრება ბავშვობა,
ფანტაზიით ულევით..
მენატრება ბავშვობა,
ხეზე ცოცვით და ვარდნით..
მენანება ბავშვობა,
გაიპარა.. სად არის?!..

                      17.12.11

Wednesday, February 8, 2012

სიბერე

გათოვდება ახალგაზრდა თვალებში,
გათოვდება მის ფიქრებში, აზრებში..
გათოვდება, გადაპენტავს სითეთრე,
თმის ჯანსაღ და მოკამკამე სიბევრეს..
გათოვდება ნაოჭების ბზარებში,
გათოვდება გულში, სულში, ძარღვებში..
გათოვდება დასუსტებულ ძვალებში,
გათოვდება ოცნებებში, ნატვრებში..
გათოვდება ამ ცხოვრების დუღილში,
გათოვდება სევდანარევ დუმილში..
გათოვდება, დაგიჭკნება ხელები,
შენს სიყვარულს ვეღარ მოეფერები..
გათოვდება, შთაინთქმება ფერები,
ხმას დაკარგავს სიმღერები, ბგერები..
გათოვდება, ვერ ჩაიცვამ შილიფად,
აცივდება გარედან, თუ შიგნიდან..
გათოვდება, მოგწყურდება ზაფხული,
როს ანცად და უდარდელად დარბოდი..
როს თვალიდან ვარსკვლავები ცვიოდა,
როს ღაწვები ღვინისფერად ღვიოდა..
როს ნაოჭი სიცილისგან ჩნდებოდა,
ოცნებები ვეღარ შემოგლეოდა..
როს სიცოცხლე ჰაერივით გწყუროდა,
ყოველი დღის გათენება გსუროდა..
როს ხიბლავდი ნაცნობებს თუ მავანებს,
როს სურვილებს ვერ უდებდი სადავეს..
როცა მხოლოდ ხორციელად გტკიოდა,
სულის ტკენა ახლოს ვერ მოდიოდა..
ახლა ზიხარ დათოვლილი, შემჭკნარი,
და სიცოცხლეს კიდევ ერთ დღეს შეჰნატრი..
გათოვდება როს დადგება სიბერე,
გათოვდება.. მოთოვს წლების სიბევრე..

                                                       














                                                                12.01.12

Sunday, February 5, 2012

* * *

დავაბოტებ ოცნებებში ფეხშიშველი,
აღარ მოხვალ? მე შენზე შლეგს, არ მიშველი?..
ოცნებები შემომძარცვეს - ვარ შიშველი..
ჩემს მძარცველებს - დარს და ფიქრებს - არ განდევნი?
                                                                         არ მიშველი?..

                                                                            23.04.11

* * *

სწყურიხარ გულსა და გონებას,
ცხოვრებას, გრძნობას და ყოველ არსს..
სწყურიხარ ოცნებას, მუზებსაც..
რითმებსაც, უსაზღვრო ნისლებსაც..
სწყურიხარ სამყაროს, ულევ ცას..
მნათობებს, ბუნებას, გუნებას..
სწყურიხარ ჟამთა სვლას, ღრუბლებსაც..
ყველაფერს სწყურიხარ - ყოველ წამს..
სწყურიხარ უსაზღვრო მთვარეს, ზღვას..
სწყურიხარ გასავლელს ჩემსას გზას..
სწყურიხარ ხეებსაც, ფოთლებსაც,
მდინარეს, ყვავილებს, ბორცვებსაც..
სწყურიხარ სრულიად სამყაროს,
შენ ჩემი ცხოვრების ხარ წყარო..

                                   01.09.10.

* * *

ყოფაა ნისლისფერი, ქარიანი, ნამიანი,
ღამეა იისფერი, გულია ავდრიანი,
ყოფაა უკანონო, ყოფაა ჟამიანი,
სამშობლო უპატრონო, ბატონი ნაკლიანი..
ყოფაა უღმერთო და აწმყოა ნაგვიანი,
წარსული ჩვენი ღირსი, დიადი და მზიანი,
აწმყოა უიმედო, მომავალი ჭვარტლიანი..

                                                         22.12.10

* * *

უშენოდ დგება გაზაფხული,
                               ეს მერამდენე..
გრძნობას არ უჩანს დასასრული,
                               ეს მე გაღმერთებ..
სამყაროს დგება დასასრული,
                               შიში გავთელე..
ფიქრებს არ უჩანთ აღსასრული,
                               ღამე გატეხეს..

                                        01.03.11

* * *

ლოდინი იფერფლება,
გრძნობები იფერება,
ფიქრები იპარება,
დღეები იკარგება..
თვალები იცრემლება,
გუგები იბერება,
აზრები იღველფება,
განცდები მიბერდება..
ნაოჭი იბზარება,
სინორჩე იპარება,
ჭაღარა იქარგება,
ნუგეში იკარგება..
სიტყვები იკრძალება,
გრძნობები იმალება,
წუთები იწელება,
მოთმენა მიძნელდება..

                         26.03.11