Wednesday, November 25, 2015

რა არის შენი პრიორიტეტი?


ირგვლივ სიმშვიდეა გამეფებული და მყუდროებას მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული, ხეებზე ჯერ კიდევ შერჩენილი ფოთლების აკორდები არღვევენ.. აკორდებს მზის სხივების კამარა ახლავს და სულს შეუძლია სრულ განცხრომას მიეცეს.. შეუძლია გაშიშვლდეს და ამ სინთეზის ფონზე მიეცეს როკვას.. ამ დროს სულის და სიჩუმის ემოციები ერწყმის ურთიერთს და მშვენიერი წყვილი იქმნება, ისეთივე მშვენიერი, როგორიც მზის სხივი და მის ფონზე მოფარფატე ფოთოლია.. თუმცა, სიჩუმის და სულის წყვილს შორის, რთულია დომინანტის ამოცნობა.. რთულია განსაზღვრო, რომელი მათგანია უფრო ძლიერი, ან უფრო შეყვარებული.. როგორც წესი, ის მეტ სისუსტეს ავლენს, ვისაც მეტად მოერია გრძნობა.. მზის სხივი და ფოთოლი ამისი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ფოთოლი მთელი არსებით არის მზის სხივზე შეყვარებული.. მთელს სიცოცხლეს და არსებობას მზის სხივზე ამყარებს და დაბადებიდანაა გაჯერებული ამ შეგრძნებებით.. საწყისიდანვე განწირულია მისი გრძნობები და არსებობა.. იგი სხივზე ამყრებს მომავალს, იმედებს, იმ დონემდე ხდება დამოკიდებული, რომ მეობას კარგავს.. მზის სხივი კიდევ ამ უპირატესობით თავდაჯერებული და გათამამებული, მაშინ უღიმის და ეჩვენება ფოთოლს, როდესაც მოესურვება.. ფოთოლივით არ შეჰნატრის სატრფოს ხილვას.. როდესაც მოიწადინებს მაშინ მოინახულებს, იცის, რომ მისი მომლოდინე ფოთოლი, გამობმულია ერთ ადგილას და ელის.. სხივი კი, ამ მდგომარეობით ბოროტად სარგებლობს.. სანამ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსეა ფოთოლი, სხივი მას ხშირად აკითხავს და ანებივრებს, ყურადღებასა და სითბოს უხვად იმეტებს მისთვის, ფოთოლიც მთელი ენთუზიაზმით განაგრძობს ცხოვრებას.. დღითიდღე მეტად მშვენდება, მეტად უჩქეფს ძარღვებში სისხლი, უყვარს და უხარია სიცოცხლე.. ბედნიერია და გარშემომყოფებსაც გადასცემს სიცოცხლის ხალისსა და ენერგიას.. თუმცა, დროთა განმავლობაში სხივი ცივდება, ნელ-ნელა აკლებს სითბოსა და ყურადღებას გრძნობებით დმთვრალ ფოთოლს, ეს უკანასკელი სინანულის მორევში ეფლობა, ფერი ეკარგება, ნოსტალგია ტანჯავს, ორგანიზმი ეფიტება.. ხანდახან მეგობარი, - წვიმა სტუმრობს რომ სასოწარკვეილს დახმარების ხელი გაუწოდოს, ამ დროს ფოთოლი მასთან ერთად ტირილით იოხებს გულს.. ნერვიულობა და წუხილი თავის კვალს ტოვებს და ფოთოლი სიცოცხლის ნიშნებს კარგავს.. ეცვლება ფერი, ფორმა, სუსტდება.. სატრფო დროდადრო ახსენებს თავს და ამ ვიზიტით გამოწვეული ემოციის ნაკვალევი შეგიძლიათ მარტივად შენიშნოთ მის გაყვითლებულ სხეულზე წითელი ლაქების სახით.. ზოგჯერ შესაძლოა სიცოცხლის მწვანე ხაზიც იპოვოთ მასში, რაც, ალბათ, ზედმეტი იმედსაგან ჩნდება.. თუმცა, დიდხანს არც ეს გრძელდება და როდესაც ფოთოლი სხივისაგან სამუდამო დავიწყებას ეძლევა, გრძნობებით, ემოციებითა და განცდებით დასუსებული, სიცოცხლის საბოლოო ნიშნებსაც კარგავს, მისი მრავალგანსაცდელგამოვლილი გული ვეღარ უძლებს საბრალო ბედისწერას და იღუპება.. მაგრამ მიდის დიდსულოვნად, ღირსეულად და გმირულად, რადგან მთელი მისი არსებობა სიყვარულით და გრძნობებით იყო გაჯერებული, ეწირება იმას რისთვისაც დაიბადა.. ჩვენი სიცოცხლე ფოთოლთან შედარებით ბევრად ხანგრძლივია, თუმცა ხშირად ისე სრულდება, იმის გარკვევასაც ვერ ვახერხებთ, რატომ მოგვეცა იგი და ზოგჯერ იმდენად ვეფლობით ძიებაში, იმის განცდასაც ვერ ვასწრებთ რაც ჩვენმა ფოთოლმა ამ მცირე პერიოდში განიცადა.. ამას, ალბათ, პრიორიტეტების არევა იწვევს.. რა არის შენი პრიორიტეტი?!

გ. ბლიაძე