Friday, June 24, 2016

მე და "ყურშა"


წყნარია ღამე, ავია მთვარე..
არია რამე? - ფიქრები და მე..
მშვიდია ქუჩა, მთლად გაიყურსა,
ვართ მე და "ყურშა", დარდები გვმუსრავს..

გვახურავს ტლანქი და უხეში საბანი
ყურშასაც მოსწყინდა გამითბოს სავანე..
უნდა რომ გაიქცეს, გაეცნოს სიცოცხლეს,
სიამეს, სილაღეს, სიხარულს, სიშორეს..

ძაღლური ბუნება არ აძლევს გასაქანს,
ვიცი არ დამტოვებს ჩრდილების ამარა..
ჩვენ ერთად შევკრიბეთ ოცნების ამალა,
გვინდა იქ გავფრინდეთ და შევკრათ კამარა..

ცხოვრებამ მოგვიგდო დღეები რთული,
თუმცა გათენდება მალე დღე სრული..
იმედი გვიღვიძებს სიცოცხლის სურვილს
ამდენმა ნატვრამ კი მოგვგვარა რული..

ჩვენ წავალთ, მოვივლით სიზმრების სამყაროს,
მთვარე გვიმასპინძლებს, ღრუბლები გაგვართობს..
კვლავ დაგიბრუნდებით სინათლით ხელში,
მზე გამოგვაცილებს სხივების გემით.. 
                            
                                                     გ.ბლიაძე

Friday, June 17, 2016

                                           შავი საბურველი

     ზაფხულის დაღლილმა დღემ თბილი, შავი საბურველი შემოიხვია და გაირინდა.. ქაოტური, ხმაურიანი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე დღე, საინტერესო, მიმზიდველ და იდუმალ არსებად გარდაისახა.. უცნაური ისაა, რომ ასეთი უფრო მომხიბვლელია.. როგორც წესი, დღე განსაზღვრავს შენს გეგმას, მისი მიხედვით ადგენ წესრიგს, გარკვეულწილად მასზე ხარ დამოკიდებული, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი ჩაატიო მასში და გამოიყენო თითოეული წუთი, გამოწურო დღე.. ამ დროს, ალბათ, შენს გეგმებზე ორიენტირებულს, სულაც არ გცალია მასზე საფიქრალად.. შენც მასთან ერთად ერთვები მდუღარე ცხოვრების ფერხულში და ცდილობ არ ჩამორჩე.. მასთან ერთად მიდიხარ, მირბიხარ, ხმაურობ, ჩქარობ.. იცინი, ტირი, ყვირი, გწყინს, გიხარია, გიყვარს.. გათოვს, გაწვიმს, გათბობს.. დღე შენ და შენ დღეს აძლევ ენერგიას.. სანამ ბოლოს ის არ გადაწყვეტს თავი დააღწიოს ამ ქაოსს, ცოტა ხნით დაგემალოს, იცის სხვაგვარად არ მოასვენებ.. შემოიხვევს შავ საბურველს და ასე, გაყურსული ისვენებს.. თუ კარგად დააკვირდები შენიშნავ, არის გარინდული და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით არასოდეს იძინებს.. უბრალოდ ისვენებს, მისთვის ესეც კოლოსალური შვებაა, შემძვრალა საბურველში და გაფაციცებით იყურება, ან კი რა დააძინებს,  იმისი შიშით "დანაშაულზე" არავინ წაასწროს.. მე მივაგენი, მაგრამ ისე მოვიხიბლე მისით ასეთ ამპლუაში, ფრთხილად ყოფნა გადავწყვიტე, რომ არ შევემჩნიე და დამფრთხალიყო.. მას შემდეგ, ასე ქურდივით ვუთვალთვალებ როდესაც შავ საბურველში გაეხვევა.. როგორც მისი დღიური გიჟური მუხტი, ასევე მისი სიმშვიდის ჟამს განცდილი ემოციებია გადამდები.. რაც, ვაღიარებ, ფრიად სასიამოვნო შეგრძნებაა.. ასე რომ, ამის შემდეგ კარგად დააკვირდით მას, რომელიც ჯერ თავის ჭკუაზე გვატარებს, შემდეგ ჩვენს გაბითურებას ცდილობს და გვემალება.. რომელიც, მიუხედავად განწყობის, ამინდის და სხვა სახის პროგნოზებისა, მაინც ყველაზე სასურველი, მიმზიდველი და საყვარელია. შავი საბურველით, თუ მის გარეშე..

                                                                                                               16.06.16
                                                                                                             გ. ბლიაძე