Friday, March 16, 2012

მაჩუქე უბრალო იები

მაჩუქე უბრალო იები,
არ მინდა მეფური ვარდები..
უშენოდ გულგანაციები,
მე სევდის მორევში ვვარდები..
მაჩუქე უბრალო იები,
ფაქიზი, შილიფი სამოსით,
არ მინდა მეფური ვარდები,
ფერადი და უხვი სამოსლით..
მაჩუქე უბრალო იები,
რომ მძაფრად შევიგრძნო თითებით,
არ მინდა მეფური ვარდები,
ეკლიან ტანით და დარდებით..
მაჩუქე უბრალო იები,
შემამკე ნაზი ლილიებით..
არ მინდა მეფური ვარდები,
ეკლების ტკივილის განცდებით..
მაჩუქე უბრალო იებით
მორთული სამყაროს ბაღები..
არ მინდა მეფური ვარდებით,
ეკლებით მე დავიკაწრები..
მაჩუქე უბრალო იები,
ფაქიზი გულით და ალერსით..
არ მინდა მეფური ვარდები,
თვითდაჯერებულ განცდებით..
ვარდებს ჯობს ლურჯთვალა იები,
ნაზები და სულ გულღიები..
არ მინდა მეფური ვარდები,
მაჩუქე უბრალო იები..

                      16.03.12

Friday, March 9, 2012

2012-ე გაზაფხული

კვლავ აენთო გაზაფხულის დილა
და მოგვფინა ოქროსფერი სხივი..
ზამთრის სუსხი გაგვეცალა კრძალვით,
შეიმოსა პირი-სახე რიდით..
ჩემი საქართველოს ლაღი მთები,
იდგნენ გულზე დარდით, კდემით..
მზის სხივებმა მათ დაბანა
თეთრად შევერცხლილი თმები..
და კვლავ გახალისდა ბაღი,
ისევ გაიშალა ია,
დადგა სუნი ნორჩ ბალახის,
სითბომ ბოროტ ყინვას სძლია..
ნათლის სხივი დაიბრუნა თვალმა,
გულებს გვივსებს მშვენიერი გრძნობა..
სიყვარული კვლავაც დაძლევს ბოროტს,
კვლავაც ბევრი გაზაფხული მოვა..

                                   09.03.12

Wednesday, February 29, 2012

ბავშვობა

მენანება ბავშვობა,
წლები ლხინით დამთვრალი..
მენანება ბავშვობა,
უდარდელი, გამთბარი..
მენანება ბავშვობა,
დათაფლული, დამტკბარი..
მენანება ბავშვობა,
უბოროტო, ალალი..
მენატრება ბავშვობა,
ოხუნჯობით, თამაშით..
მენატრება ბავშვობა,
ოცნებებით, ზღაპარით..
მენატრება ბავშვობა,
ლუკმით დედის ნაჭამით..
მენატრება ბავშვობა,
წმინდა ცნობიერებით..
მენატრება ბავშვობა,
სულით, ლმობიერებით..
მენატრება ბავშვობა,
სიახლეზე დაწაფვით..
მენატრება ბავშვობა,
ურჩობით და გაწაფვით..
მენატრება ბავშვობა,
ბაღის სუპის სურნელით..
მენატრება ბავშვობა,
ფანტაზიით ულევით..
მენატრება ბავშვობა,
ხეზე ცოცვით და ვარდნით..
მენანება ბავშვობა,
გაიპარა.. სად არის?!..

                      17.12.11

Wednesday, February 8, 2012

სიბერე

გათოვდება ახალგაზრდა თვალებში,
გათოვდება მის ფიქრებში, აზრებში..
გათოვდება, გადაპენტავს სითეთრე,
თმის ჯანსაღ და მოკამკამე სიბევრეს..
გათოვდება ნაოჭების ბზარებში,
გათოვდება გულში, სულში, ძარღვებში..
გათოვდება დასუსტებულ ძვალებში,
გათოვდება ოცნებებში, ნატვრებში..
გათოვდება ამ ცხოვრების დუღილში,
გათოვდება სევდანარევ დუმილში..
გათოვდება, დაგიჭკნება ხელები,
შენს სიყვარულს ვეღარ მოეფერები..
გათოვდება, შთაინთქმება ფერები,
ხმას დაკარგავს სიმღერები, ბგერები..
გათოვდება, ვერ ჩაიცვამ შილიფად,
აცივდება გარედან, თუ შიგნიდან..
გათოვდება, მოგწყურდება ზაფხული,
როს ანცად და უდარდელად დარბოდი..
როს თვალიდან ვარსკვლავები ცვიოდა,
როს ღაწვები ღვინისფერად ღვიოდა..
როს ნაოჭი სიცილისგან ჩნდებოდა,
ოცნებები ვეღარ შემოგლეოდა..
როს სიცოცხლე ჰაერივით გწყუროდა,
ყოველი დღის გათენება გსუროდა..
როს ხიბლავდი ნაცნობებს თუ მავანებს,
როს სურვილებს ვერ უდებდი სადავეს..
როცა მხოლოდ ხორციელად გტკიოდა,
სულის ტკენა ახლოს ვერ მოდიოდა..
ახლა ზიხარ დათოვლილი, შემჭკნარი,
და სიცოცხლეს კიდევ ერთ დღეს შეჰნატრი..
გათოვდება როს დადგება სიბერე,
გათოვდება.. მოთოვს წლების სიბევრე..

                                                       














                                                                12.01.12

Sunday, February 5, 2012

* * *

დავაბოტებ ოცნებებში ფეხშიშველი,
აღარ მოხვალ? მე შენზე შლეგს, არ მიშველი?..
ოცნებები შემომძარცვეს - ვარ შიშველი..
ჩემს მძარცველებს - დარს და ფიქრებს - არ განდევნი?
                                                                         არ მიშველი?..

                                                                            23.04.11

* * *

სწყურიხარ გულსა და გონებას,
ცხოვრებას, გრძნობას და ყოველ არსს..
სწყურიხარ ოცნებას, მუზებსაც..
რითმებსაც, უსაზღვრო ნისლებსაც..
სწყურიხარ სამყაროს, ულევ ცას..
მნათობებს, ბუნებას, გუნებას..
სწყურიხარ ჟამთა სვლას, ღრუბლებსაც..
ყველაფერს სწყურიხარ - ყოველ წამს..
სწყურიხარ უსაზღვრო მთვარეს, ზღვას..
სწყურიხარ გასავლელს ჩემსას გზას..
სწყურიხარ ხეებსაც, ფოთლებსაც,
მდინარეს, ყვავილებს, ბორცვებსაც..
სწყურიხარ სრულიად სამყაროს,
შენ ჩემი ცხოვრების ხარ წყარო..

                                   01.09.10.

* * *

ყოფაა ნისლისფერი, ქარიანი, ნამიანი,
ღამეა იისფერი, გულია ავდრიანი,
ყოფაა უკანონო, ყოფაა ჟამიანი,
სამშობლო უპატრონო, ბატონი ნაკლიანი..
ყოფაა უღმერთო და აწმყოა ნაგვიანი,
წარსული ჩვენი ღირსი, დიადი და მზიანი,
აწმყოა უიმედო, მომავალი ჭვარტლიანი..

                                                         22.12.10

* * *

უშენოდ დგება გაზაფხული,
                               ეს მერამდენე..
გრძნობას არ უჩანს დასასრული,
                               ეს მე გაღმერთებ..
სამყაროს დგება დასასრული,
                               შიში გავთელე..
ფიქრებს არ უჩანთ აღსასრული,
                               ღამე გატეხეს..

                                        01.03.11

* * *

ლოდინი იფერფლება,
გრძნობები იფერება,
ფიქრები იპარება,
დღეები იკარგება..
თვალები იცრემლება,
გუგები იბერება,
აზრები იღველფება,
განცდები მიბერდება..
ნაოჭი იბზარება,
სინორჩე იპარება,
ჭაღარა იქარგება,
ნუგეში იკარგება..
სიტყვები იკრძალება,
გრძნობები იმალება,
წუთები იწელება,
მოთმენა მიძნელდება..

                         26.03.11

Saturday, January 28, 2012

მე და გაზაფხული

გაზაფხული შემოიჭრა სულში და დაიწყო გიჟური სიმფონიის დაკვრა.. მთელი ორგანიზმი მოიცვეს მისმა თითებმა და დაიპყრეს, როგორც პიანისტის თითები იპყრობენ როიალს.. ძალიან აქტიურად აჭერს თითს კლავიშს, რომელსაც გული ჰქვია.. უკრავს ისეთივე არანორმალურ მელოდიას, როგორიც თვითონ გაზაფხულია.. შესაბამისად ორგანიზმიც არანორმალურ ხმებს გამოსცემს, სიმფონიის ხასიათი გადასდებია.. გაზაფხულის ხმაზე მღერის.. მელოდია თანდათან შედის აზარტში.. სული აფორიაქდა და გული მარტივით ხშირად იცვლის ხმას.. თუმცა სიმფონიაში, ისევე როგორც ყველა სხვა ნაწარმოებში, ყოველთვის დევს აზრი, რამაც შემქმნელის შინაგანი ხმა უნდა გადმოსცეს.. გაზაფხული ის სიმფონიაა, რომელსაც ჩემი მე უკრავს..

                                                                                                                             04.03.11

ა ნ ა

ჩემი ნაწილი ხარ სისხლის და ცხოვრების,
ჩემი ხალისი ხარ გულის და გონების,
ჩემი ნუგეში ხარ ბოროტი ცხოვრების,
ჩემი მოზიარე დარდის და გოდების..
ერთი სისხლი გვიჩქეფს ძარღვებში ძალუმად,
ერთი გული გვიცემს, უფალმა გვარგუნა..
ერთი დედისგან ვართ აღზრდილნი, ნაშობნი,
ერთი მამისა ვართ ორივე ნაყოფი..
ჩემი არსებობის ხარ აზრის მიმცემი,
ჩემი სიხარულის პირველი მიზეზი..
ჩემი დაიკო ხარ სიცოცხლის ამვსები,
ჩემი ხარ სულით და ხორცით და არსებით..

                                                08.03.11

Thursday, January 26, 2012

ხე

ერთი შეხედვით უხეში, ტლანქი, აწოწილი ან გონჯი, ვიწრო ან მსუქანი, შემოსილი ან შეშველი.. მარტოსული ან ბევრი მეგობრის მქონე - ესაა ჩვენი ხე.. როგორ გავს ადამიანს არა?! თანაც ყოველი ადამიანივით ყოველი ხე ინდივიდუალურია, ფორმით, ზომით, თუ რითიც გინდა.. ადამიანივით, ზოგიერთი ხე ნაყოფიანია, ზოგიც უნაყოფო.. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, დგას თავისთვის, არავინ ყურადღებას არ აქცევს, მეზობელს თუ შეეხმიანება ფოთოლთა შრიალით.. არა და რა ლამაზია.. უზომოდ ლამაზია თითოეული ცალ-ცალკე, თუ ერთად - ულამაზესია.. ზოგი უდიერად ეპყრობა, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არც კი ახსოვს.. არა და, ის გვაწვდის ჩვენ სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს - ჟანგბადს.. საოცარი რამაა ხე.. თანაც როგორი ტირილი იცის.. განა მას არ სტკივა, როდესაც კანს აგლეჯენ, შუაზე ჭრიან, ფესვიანად ძირკვავენ. ისიც ხომ ცოცხალი არსებაა.. სიგიჟემდე მიყვარს თითოეული ხე.. მასში მთელი ადამიანის ცხოვრებაა თავმოყრილი. ხან უხარია, ხან გლოვობს, ხანაც გასუსული ადევნებს თვალს ამა სოფლის ქაოსს, ლხინსა და უბედურებას.. ისიც ადამიანივითაა - იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება..
გაზაფხულობით, როდესაც იბადება, რა ბედნიერია მაშინ, როგორ უხარია სიცოცხლე.. როგორი ქორფა, ხასხასა და სათუთია.. ნაზი კანი და ჯანსაღი, სიფრიფანა ფოთლები აქვს.. ჯერ ვერ ამჩნევს თავისი ბავშვური გრძნობებით პრობლემებსა და ცხოვრების ამაოებას.. მერე, ზაფხულში, ბავშვობიდან ყმაწვილობაში გარდატეხის ასაკი უდგება, ზაფხული უდარდელია და ლაღი ბავშვობასავით.. მერე გაიზრდება და უცბათ დაატყდება თავს ათასი უბედურება.. ის ყურებს ჩამოყრის, ჭაღარა ეპარება, იწყებს დაბერებას, კანი უუხეშდება, ნაოჭებით ევსება, ფოთოლი აღარაა ნაზი და ფაფუკი, შემდეგ იწყება მათი ცვენა.. საოცრად ლამაზია, მაგრამ სევდიანი და ცოდო.. ეს ბოლო ამოსუნთქვას ჰგავს.. მერე კი, ზამთარში, თანდათან წელში იხრება, ნორჩი და ახალგაზრდა ტანი ბერდება და ტყდება, ტყდება ხე.. დარდისაგან, ჟამთა სვლისაგან და ამ ცხოვრებისეული ჭირ-ვარამისა თუ სხვა განსაცდელისაგან დაღლილი და ძალაგამოცლილი.. მერე დაუდგება აღსასრულის ჟამი.. და კვდება ხე, კვდება უჩუმრად, მშვიდად და როგორც თავისი სიცოცხლით, ისე სიკვდილით არ აწუხებს არავის.. სულ ეს იყო.. მე მიყვარს ხე..

                                                                                                                              22.04.10

* * *

ჩექმას მოსტყდა ქუსლი,
აქლემს მოსძვრა კუზი,
გულს მოეშვა დარდი,
გაიშალა ვარდი..
გონს მოსწყვიტა კაეშანის ფანდი,
რტოს კოკორი გაეფურჩქნა ლაღი..
გუშინ მთვარემ იცუღლუტა ბევრი,
მზეს წაართვა სხივი ნათლისმფენი..
ღამე თბილი სიზმრებს ვეღარ იტევს,
რადგან უკვე გათენებას იწყებს..
გულს გაეხსნა იმედების კარი
და ცხოვრებამ გადაშალა კარტი..
გავუცრუე იმედები ბატონს,
შევატოვე გულის ტუზი ბანქოს..
ქუსლიც, კუზიც თავის ადგილს იღდგენს,
ცხოვრება კი ახალ თამაშს იწყებს..

                                        24.06.11

მთვარე

მთვარე მიძვრება სულში,
ღამით მიმშრალებს თვალებს,
თითქოს სულ შიგნით, გულში
შემომეხიზნა მთვარე..
მთვარე ნუგეშსაც მაძლევს,
და ძილში ლამაზ სიზმრად
ჩემთან მოყავხარ ღამით,
რომ გედოს ჩემში ბინა..
დღისით არ მაკლებს ზრუნვას,
მზისას მაშველებს სხივებს,
რომ სულ არ გავიყინო,
რომ მას არ შევენისლე..
მთვარე დაც არის ჩემი,
სატრფოც, შვილიც და დედაც,
მთვარე მეგზური ჩემი,
მე სიყვარულით მკვებავს..

                           20.03.11                        

ვიდრე..

ვიდრე ფოთოლცვენა დასრულდება,
ვიდრე სუსხი მომხვევს ხელს,
ვიდრე ეს სიყვითლე დასრულდება,
ვიდრე ფერს დაკარგავს მზე..
ვიდრე შემოდგომა დასრულდება,
ვიდრე სითბო ახლავს დღეს,
ვიდრე ვარსკვლავები დაგვშორდება,
ვიდრე ღამე შეცვლის დღეს..
ვიდრე ეს ღრუბლები გაიშლება,
ვიდრე მთვარე ნათელს გვფენს,
ვიდრე მოვა ცივი დეკემბერი,
ვიდრე გამუქდება დღეც..
ვიდრე ფიფქი დათოვს მოგონებებს,
თეთრად შემიღებავს თმებს..
ვიდრე მოლოდინი დასრულდება,
მოდი.. ვიდრე გული ცემს..

                              15.11.10

* * *

მზე ხარ - თვალებს მჭრი,
სინათლით მავსებ..
მთვარე ხარ - მყუდრო,
სევდისფრად სავსე..
დღე ხარ ნათელი
და დღე გულს მითბობ,
ღამე ხარ ბნელი,
ღამე - სულს მითრობ..

                      24.12.10

ჟამი

ჟამმა ააცეკვა წვიმა,
როკავს ფანჯარასთან წვეთი,
ჟამმა აატირა მიწა,
მოსთქვამს დედამიწა, ცრემლს ღვრის..
ჟამმა მოიტანა თოვლი,
თეთრი გადაგვფინა ფარდა,
ყინვამ გააცია გზები,
სუსხი შეეპარა კალთას..
ჟამით ხე ფოთლებსაც ისხამს
და მზეც გაგვიღიმებს ხშირად,
ჟამმა ააყვავა ვარდი,
დრო-ჟამს მოაქვს მეტი დარდი..

                                10.01.11.

* * *

ისევ მომინდა წერა,
სტრიქონი გამეწერა,
გრძნობები ამეწერა,
ფიქრები გამეწელა..
ისევ მოვიდა ფიქრი
და ავბედითი ნისლი,
ისევ მოვიდა მუზა
და ისევ ხაზთა ნუსხა..
ისევ ღამე და თოვა
და კაეშანით თრობა..
ისევ დადგომა მარტის
და გაზაფხული ლაღი..
ისევ ენძელა, ია,
გრძნობები მომერია..

                   28.02.11-01.03.11

* * *

მოუთმენლობა მეუფლება,
გონება გრძნობებით მებურება,
ფიქრი ნამწვივით იფერფლება,
დრო კი კვამლივით იწელება..
მოუთმენლობა მეუფლება,
ყოველი წამი მეურჩება,
ერთფეროვნება მემუქრება
და სიმძიმილი მეხუტება..
სადღაც ქრება სულის აპათია,
გულმა ყველაფერი გაპატია..

                               26.03.11

მ ა მ ა

როდესაც ვუმზერ სარკეში ჩემს თავს,
მე ვხედავ თვალებს რომელიც შენ გაქვს..
ამბობენ გგავარ, მეც ვატყობ ამას,
ჩემო ერთოვ და სათუთო მამავ..
რასაც ვერ ამჩნევს გარეშე თვალი,
მე შენი არ მაქვს მხოლოდ ეს ნაკვთი..
ვგრძნობ შენს არსებას აქ, შიგნით, ჩემში,
ჩვენ მხოლოდ ხორცით არა ვართ ერთნი..
მე გგრძნობ ჩემს სულში, ტვინში და გენში,
ვგრძნობ შენს ნაწილებს თითოეულ ნეკნში..
მამა ხარ ჩემი, შემქმნელი ჩემი,
ნაყოფი შენი უსაზღვროდ გეტრფი..

                                        20.07.11

განთიადი

მერამდენე დამათენდა დილა,
მზის სხივები აკიაფდნენ ცისკარს,
ველოდები მერამდენე დამდეგს,
დედამიწის სიხაულით ამვსებს..
გაიზმორნენ ხეები და მინდვრად
გვირილებიც გაიშალნენ ფხიზლად..
დილის ნამი დედამიწას პირს ბანს
და ივლისიც ფეხს თამამად იდგამს..
ამოგორდა ცეცხლის ბურთი ცაზე
და მთის წვერებს წამოადგა თავზე..
ჩვენს ეზოში იფურჩქნება ვარდი,
ტუჩს უმშვენებს დილის ნორჩი ნამი..
ჟღურტულებენ ბედნიერად ჩიტნი,
სადღაც ახლოს მამალია - ყივის..
ეგებება დედამიწა ცისკარს,
ახალი დღე ექარგება მიწას..

                               03.07.11

ოპტიმისტური ლექსი

გაცრუებულ იმედებთან ერთად
ბოლოს ისევ შემოვრჩები კენტად..
გაწვიმებულ გამზირებთან ვდგევარ
და გავყურებ თბილ ზაფხულის ღელვას..
ცრემლით ღარავს დედამიცას წვიმა,
მას ბებერი ნაოჭები სტკივა..
ამ ზაფხულმაც მოიტანა დარდი,
აუ, როგორ მომაბეზრა თავი..
წვიმის წვეთებს სიმძიმილი მიაქვთ,
გულს მიმხნევებს, სუნთქვას მიხსნის წვიმა..
დილით ისევ გამინათებს მზე გზას,
ხვალინდელ დღეს ველოდები მე კარგს..
ისევ მოვა ცხოვრებაში დარი,
და ლხინისა გაიხსნება კარი,
ისევ გვათოვს ჩვენ ზამთარი იმედს,
გაზაფხულიც მოგვიქარგავს იებს..
სიხარულით შემოვივლით მინდვრებს,
სიყვარულით ბედნიერნი ვიფრენთ..
ისევ მოვა შემოდგომა ნაზი,
მომნუსხველი მელანქოლიკ ხალხის..
შემოგვაფენს წითელ-ყვითელ ფოთლებს
და გრძნობები აეშლებათ შფოთებს..
მას რომ შეცვლის გამჭვირვალე ყინვა,
გულს გაათბობს ბუხრის თბილი გმინვა..
მერე ისევ გაიშლება ვარდი,
ცხრათვალა მზეს გაეხსნება წარბი..
გაზაფხული აღმაფრენას იწვევს
და გულები გრძნობებს ვეღარ იტევს..
კვლავ ზაფხულის გვიბრუნდება სიცხე,
პოზიტივი დაბრუნებას იწყებს..
იმედები იფურჩქნება, ილხენს,
სევდიანი განწყობები იწყენს..
სიყვარული აქ სათავეს იღებს
და გულები კარებს ფართოდ გვიღებს..
ოცნებები იმოსება სხივით,
ნეგატივი შიშველია, ტირის..
წყარო ტკბილი, კამკამა და თბილი,
დარდს წაიღებს სწრაფლმავალი ტივით..
ისევ ცისფრად იმოსება ზეცა,
დარდს გადაყრის შავ ღრუბლებთან ერთად..
მოიწმინდავს შუბლიდან სერ ნისლებს
და გვაჩუქებს დაუვიწყარ რითმებს..
ამწვანდება ბუნება და სივრცე
და სიცოცხლეც იღვიძებს და ილხენს..

                                       24.06.11

* * *

წვიმა ცრემლიანი,
აისი სევდიანი,
დაისი ფიქრიანი,
განცდები წვიმიანი..
საღამო ნისლიანი,
მთვარე ფიქრიანი,
ფიქრი უნაყოფო,
წარსული უთავბოლო..
მომავალი ბინდიანი,
სიზმრები ტვირთიანი,
მოქცევა ზვირთიანი,
გაქცევა ფიქრიანი..
გრძნობა უთავბოლო,
მომავალი უსასოო..

                     14.06.11

* * *

დარდი მეზღვავება,
წვიმა მეგუბება,
წლები მედარდება,
გული მებზარება..
დრონი მენანება,
ფიქრი მემატება,
სული მებურება,
გული მეხურება..
ღამე მეპარება,
მთვარე მეპრანჭება,
თვალი მეხუჭება,
რული მეხუტება..
სევდა მეფარება,
ძილი მეფანტება,
ჭკუა მემატება,
წლები მენანება..

           29.04.11

როდის გვეღირსება გაზაფხული

როდის მეღირსება გაზაფხული?
თეთრი აყვავება ყვავილების,
გრძნობის მოზღვავება დაკარგული,
უხმო აღტყინება ხაკისფერის..
როდის გვეღირსება გაზაფხული?
უხმო მოძახილი მაისების,
თოვლით და ყინვებით დაზაფრული,
ისევ გაღვიძება დაისების..
როდის გეღირსება გაზაფხული?
სულის აღმამფრენი ნაბიჯები,
გრძნობით შენს ნაჭუჭში დამალული
ფრთებს როს გადაშლი და გაფრინდები..
როდის გვეღირსება გაზაფხული?
დარით გაცოცხლდება დედამიწა..
როდის გვეღირსება გაზაფხული?
ძალას მოვიკრებთ და ფეხს ავიდგამთ..

                                         29.04.11

* * *

მინდა დავწერო სტრიქონი ცხელი,
მაგრამ ამისთვის არა მაქვს ცეცხლი..
მინდა ავანთო სიტყვებში მუზა,
მაგრამ სინათლეს წყვდიადი მუსრავს..
მინდა გავგიჯდე, გადავვლო ზღვარი,
თუმცა სიმშვიდე არ მტოვებს ფარსი..
მინდა მივეცე თავდავიწყებას,
მაგრამ ნამუსი ამაზე მიწყრება..
მინდა ღამეში ვიპოვო სხივი,
მაგრამ ღრუბელი მიმალავს, მიშლის..
მინდა მიჯნურად გავუხდე მთვარეს,
მაგრამ "ვენერა" არ მითმობს, მართმევს..
მინდა ზეცაში ავიჭრე, გავთბე,
მინდა გავწვიმდე, გავთოვდე, გავდნე..
მინდა ხეებზე ავყვავდე მწვანედ,
მერე გავწითლდე, გავყვითლდე, გავხმე..
მინდა ვიქუხო, ავენთო, აღვსდგე..
მე კი დამსხვერულ ოცნებებს ვაღდგენ..

                                          24.10.11

მინდა..

მინდა აღტყინებული სახე, მეოცნებედ მომღიმარი ბაგეები, აზრიანი დილა, მოზღვავებული ენერგია, სიცოცხლის ხალისი, ყინვაში ნაპოვნი სითბო, უსასრულო, დაუღალავი ხეტიალი, გამთბარი ორგანიზმი და გახურებული გული.. სათუთი გრძნობების აყვავება, სულის სიფაქიზე, ძილისათვის დანანებული წუთები, მთვარესთან ბაასი, მსუბუქი ნაბიჯები, ჰაეროვნება.. სხვისი ბედნიერებით განცდილი სიამოვნება, ანთებული თვალები - სიყვარულის სხივით ანთებული თვალები..
უბრალოდ, მიყვარდეს მინდა..

                                                                                                                       14.11.11

Tuesday, January 24, 2012

* * *

ვიღაცას ტკივა, ვიღაცას სცივა,
ვიღაცას ათბობს აგვისტოს წვიმა..
ვიღაცას უძგერს ძალუმად გული,
ვიღაცას უთრთის ფაქიზი სული..
ვიღაც მარტოობს, სევდისგან თვრება,
ვიღაც ვიღაცის ფერებით ტკბება..
ვიღაცა გლოვობს - არა აქვს ფული,
ვიღაცას ჭამით სტკივდება კუჭი..
ვიღაცას კვებავს ცისფერი ზეცა,
ვიღაცამ სრულად დაკარგა გზნება..
ვიღაცა კარგავს, ვიღაცა იძენს
ღვთისგან ბოძებულ მადლიან იმედს..
ვინმესთვის ლაღი თენდება დილა,
ვიღაცას დილაც საშინლად სტკივა..
ვიღაცა ხუჭავს ვნებისგან თვალებს,
ვიღაცას ცრემლი უსველებს ღაწვებს..
ვიღაცა სწრაფად ისრულებს მიზანს,
ვიღაცა ირჩევს უმიზნო ყიალს..
ვიღაცამ იგრძნო ცხოვრების ფასი,
ვისთვის არსებამ დაკარგა აზრი..
ვიღაცა სცოდავს, ვიღაცა უნდობს,
ვიღაცა თავის ნაჭუჭში ბუდობს..
ვიღაცა იშვა, ვიღაცა კვდება,
ჟამთასვლა კვლავაც უდრეკი რჩება..

                                   30.08.11

დ ე დ ა

დედა სიტყვაა განუზომელი,
დედა გრძნობაა აღუხოცელი,
დედა განძია აუწონელი,
დედა - სამყარო ჩვენი მშობელი..
დედა ფუძეა ჩვენი გრძნობების,
დედა ბურჯია ჩვენი ცხოვრების,
დედა განცდაა წარუხოცელი,
დედა არსია ყოვლის მომცველი..
დედა სულია, სიცოცხლით გვკვებავს,
დედა გულია, გრძნობებით გვმწყემსავს,
დედა აზრია ჩემი ცხოვრების
და სიყვარული წარუხოცელი..

                            23.06.11

საქართველო

მთვარემ მესროლა გამჭოლი მზერა,
გულს შემომაგზნო ტბილი სახმილი,
რაღაც მინდოდა ფაქიზი მეთქვა,
სიტყვა ვერ გასწვდა გრძნობებს მარტივი..
ქართული მიყვარს მე მთვარის შუქი,
ქართულ სიტყვებსაც ვერ ვუდებ ბადალს,
ქართული მიყვარს თბილი ზაფხული,
ქართული სული გრძნობებს ფრთებს ასხამს..
საქარტველოა ტკბილი სამშობლო,
დედა ბუნება უკდავ გრძნობების
და ამ ზაფხულში თუნდაც გათოვოს,
მაინც სითბოთი სევიმოსებით..
საქართველოა ჩვენი გრძნობების
და არსებობის სულის ჩამდგმელი,
საქარტველოა დედა სამშობლო
და ქართველობის უკვდავმყოფელი..

                                     23.06.11

აკაცია

აფეთქებულა თეთრად აკაცია,
მოტიტვლებულ ცას სამოსი არ აცვია..
ღრუბელი მოიქარგა, მზის სხივი ააცივა,
დღეს სითბო მოანატრა, ჰაერი ააცივა..
დროება დაგვიმძიმდა, გულს ლხინი ააცილდა,
ცხოვრება მოგვეღრუბლა, ვერ გვშველის პანაცეა..

                                                    15.06.11

* * *

მაციებს მთვარის გამოხედვა მე დღევანდელი,
ჟრუანტელს მივლის, ტვინში მბურძგლავს, შიშვლდება სული..
ნეტავ იქნება?.. ასეთ მთვარეს ერთად ვუმზერდეთ?!
კითხვები ხვრეტენ აზრებს, ფიქრებს, გიჟდება გული..
მაციებს მზერა მთვარის შუქში ანარეკლ თვალის,
ურჩი გულისთქმა, პირ-სახე შენი, დადგომა ხვალის..
ტაატით დადის არსება ჩემი დღეს დღევანდელი,
აზრთა დაცემა, კვლავ აღდგომა - ნეტავ რამდენი?!
მაციებს თბილი მაისის წვიმა, მოდის უშენოდ..
მაციებს ფიქრი თბილ ზაფხულზე, მზაფრავს უცრემლოდ..
მომბეზრდა ფლიდი, კატუნი თავის, განცდების მალვა..
უბრალოდ მინდა გაქცევა ერთად და გადამალვა..

                                                            15.05.11

* * *

ღრუბელი მოეფარა თვალს,
ნისლები მოეფარა კვალს,
ფიქრები მოეჯარა თავს,
დარდები მოეფარა დარს..
ხეები მოეტაცა ქარს,
წვიმები მოეტანა ცას,
ცრემლები მოეფინა თვალს,
გრძნობები მოეპარა სხვას..

                        29.04.11.

Friday, January 20, 2012

* * *

არ იყო მხოლოდ პლატონი,
ამ გრძნობის ბატონ-პატრონი..

                             20.12.11